რუსეთის მედია 16 სექტემბერს იუწყება, რომ მოსკოვის ერთ-ერთი სასამართლო დათანხმდა, გააგრძელოს საფრანგეთის მოქალაქის, ლორან ვინატიეს პროცესი მას შემდეგ, რაც მან თავი დამნაშავედ ცნო "უცხოეთის აგენტის" პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაში. სხდომა "საგანგებო წესრიგით" წარიმართება, რაც ნიშნავს შედარებით მსუბუქი სასჯელის გამოტანის პერსპექტივას. მას შემდეგ, რაც ვინატიემ თავი დამნაშავედ ცნო, გამომძიებლებმა მას მოუხსნეს ჯაშუშობის ბრალდება. ვინატიე პოლიტიკის მკვლევარია, იგი ივნისში დააპატიმრეს. გამოძიების ვერსიით, ვინატიე რამდენიმე წლის განმავლობაში არ წარადგენდა დოკუმენტაციას "უცხოეთის აგენტების" რეესტრში შესაყვანად და უკანონოდ აგროვებდა მონაცემებს რუსეთის ნაბიჯებზე საომარი და საბრძოლო ტექნიკის სფეროებში. ვინატიე ამბობს, რომ არ იცოდა, თავად თუ უნდა მიემართა "უცხოეთის აგენტების" რეესტრში რეგისტრირებისთვის. მონაცემები, რომლებსაც ის შეისწავლიდა, არ იყო საიდუმლო. სხდომის "საგანგებო წესრიგით" გამართვა ნიშნავს, რომ სასამართლო ბრალდებულს ვერ მიუსჯის თავისუფლების აღკვეთისთვის მაქსიმალურად განსაზღვრული ვადის ორ მესამედზე მეტს. ვინატიეს შემთხვევაში, მას ვერ მიუსჯიან ხუთი წლის ორ მესამედზე მეტს - შესაბამისად, მას შესაძლოა ემუქრებოდეს მაქსიმუმ 40-თვიანი პატიმრობა. ლორან ვინატიე არის შვეიცარიული ორგანიზაციის, "ჰუმანიტარული დიალოგის ფონდის" თანამშრომელი. ის იკვლევდა რუსეთს, მათ შორის ჩეჩნეთს, კავკასიასა და შუა აზიას. მანამდე ვინატიე მუშაობდა ნატოში და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში. ასევე ნახეთ HRW-ის თანახმად, „უცხოეთის აგენტების“ კანონი ყველაზე დრაკონული იარაღია კრემლის სამართლებრივ არსენალში ...